კაბარე -- ადრე არტისტული კაფე ან პატარა რესტორანი ესტრადით, სადაც საღამოობით სანახაობით პროგრამას ასრულებდნენ თვით ავტორები; კაფე ან რესტორანი ესტრადითურთ, სადაც იმართება მხიარული წარმოდგენები, ცეკვა, სიმღერა და სხვა.
კაბუკი -- იაპონური თეატრის სახეობა, რომელშიც გაერთიანებულია დრამა, მუსიკა და ცეკვა. ცნობილია XVII საუკუნიდან და დღემდე შენარჩუნებულია ორიგინალური წარმოდგენები. ამ თეატრის მსახიობები არიან მხოლოდ მამაკაცები, რომლებიც ასრულებენ ქალის პარტიებსაც. ძალიან პრესტიჟული პროფესიაა, რომელსაც ეუფლებიან ბავშვობიდან და გადასცემენ თაობიდან თაობას.
კავატინა -- პატარა ლირიკული არია ოპერაში.
კაპელდინერი -- სათეატრო ან საკონცერტო დარბაზის მუშაკი, რომელიც უმოწმებს მაყურებელს ბილეთს, უჩვენებს განკუთვნილ ადგილს და დარბაზში იცავს წესრიგს.
კარნავალი -- სახალხო დღესასწაული; ღია ცის ქვეშ სვლა მუსიკით, ცეკვა-თამაშით, მასკარადითა და სხვა გასართობით.
კლასიკური ბალეტი -- 1) ბალეტის ტრადიციული სტილი, რომელიც ხაზს უსვამს აკადემიურ ტექნიკას, რომელიც ვითარდებოდა საუკუნეების მანძილზე ბალეტის არსებობაში. 2) ბალეტი, რომელშიც სტილი და აგებულობა ეყრდნობა განსაზღვრულ სტუქტურას, რომელიც ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნეში. კლასიკური ბალეტის მაგალითებია: `კოპელია”, `მძინარე მზეთუნახავი”, `მაკნატუნა” და `გედების ტბა”.
კოლიზეუმი -- სახალხო სანახაობათა რომაული ცირკი, ამფითეატრი. აგებულია პირველ საუკუნეში. იტევდა დიდძალ მაყურებელს. მის არენაზე ხდებოდა გლადიატორების ბრძოლა.
კომედია -- დრამატული ჟანრის ნაწარმოები, რომელშიც ადამინის ცხოვრების ნაკლოვანი მხარეები მხილებულია სახუმარო და სასაცილო კომედიური ფორმით, ძირითადად ემყარება არა მოქმედების, არამედ ხასიათის მხარეების წარმოსახვას. გმირი თავისი მოქმედებით, ქცევითა და მეტყველებით იწვევს არაგამკილავ მხიარულ დაცინვას.
კომედია - ბალეტი -- სათეატრო ჟანრი, რომელიც შეიცავს დიალოგს, ცეკვას, პანტომიმას, ინსტრუმენტულ, ზოგჯერ ვოკალურ მუსიკასაც.
კონცერტი -- მუსიკალური და ვოკალური ნაწარმოების, აგრეთვე საბალეტო, საესტრადო ან სხვა სახის მუსიკალური ნაწარმოების გარკვეული პროგრამით საჯაროდ შესრულება; ერთი საკრავის ორკესტრთან ერთად შესრულებული მუსიკალური ნაწარმოები.
კონცერტმაისტერი -- სიმფონიური ან საოპერო ორკესტრის სოლისტი, პირველი მევიოლინე ორკესტრში; პიანისტი-აკომპანიატორი; ორკესტრის შემსრულებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი.
კორდებალეტი -- კორდებალეტი _ ბალეტში ჯგუფური ცეკვების შემსრულებელი მასხიობები. Corps de ballet (ფრ. Corps - შემადგენლობა და ballet - ბალეტი) _ ბალეტის მოცეკვავეები, რომლებიც ასრულებენ ჯგუფურ, მასიურ ცეკვებს.
კორიფე -- კორდებალეტის მთავარი მსახიობი, ხალხურ სიმღერებში დამწყები, ძველ ბერძნულ ტრაგედიაში მსახიობი გუნდის ხელმძღვანელი, წამყვანი.
კულისი -- მოძრავი დეკორაცია წარმოდგენის დროს; სცენიდან გამოყოფილი გვერდითი ან უკანა ნაწილი – მოხატული, ქსოვილ გადაკრული ხის ჩარჩოები; მსახიობთა სამყოფელი სცენაზე გამოსვლამდე.
კუპიურა -- მხატვრული ან მუსიკალური ნაწარმოების შეკვეცა, შემოკლება.